რა არის დისტანციური სწავლება?
ეს გახლავთ სწავლების ფორმა, რომელიც შექმნილია სპეციალურად სტუდენტისთვის ან სტუდენტთა ჯგუფისთვის, რომლებიც ტრადიციულ აუდიტორიაში ან კაბინეტში ფიზიკურად არ იმყოფებიან. ეს არის "პროცესი, რომელიც ქმნის და ხელმისაწვდომს ხდის სწავლას, როდესაც ინფორმაციის წყარო და მიმღები ერთმანეთისგან დროით, სივრცით ან ორივე შემთხვევაში დაშორებულნი არიან."
დისტანციური სწავლების სათავედ შეგვიძლია 1728 წელი მივიჩნიოთ, როდესაც პირველად გაზეთში Boston Gazette განცხადება გაჩნდა, მასწავლებელი ეძებდა მსურველებს, რომლებსაც მასალას კვირაში ერთხელ გაუგზავნიდა. თუმცა დღეს ცნობილი არ არის, იპოვა თუ არა მან სტუდენტები, მაგრამ ის ნამდვილად ცნობილია, რომ ეს მეთოდი აქტიურად 19-ე საუკუნეში, საფოსტო სისტემის დახვეწის შემდეგ ამოქმედდა, მინიმუმ 1840-იან წლებში, როდესაც დიდ ბრიტანეთში ისააკ პიტმანი, ფოსტის მეშვეობით ასწავლიდა სტუდენტებს. ლონდონის უნივერსიტეტი (University of London) აცხადებს, რომ სწორედ მან დანერგა პირველად ოფიციალური დისტანციური სწავლება 1858 წელს. მას შემდეგ და მეოცე საუკუნის ბოლომდე ეს სისტემა უფრო და უფრო ვითარდებოდა და იხვეწებოდა, თუმცა ფეხი მხოლოდ კომპიუტერებისა და ინტერნეტის ფართოდ გავრცელების შემდეგ მოიკიდა. 2006 წლის მონაცემებით ყველაზე დიდი სასწავლო დაწესებულებების 96 პროცენტი სტუდენტებს რაიმე სახის ელექტრონულ კურსს სთავაზობს და რომ 2005 წელს 3.2 მილიონმა ამერიკელმა სტუდენტმა ერთი სემესტრი მაინც სწორედ დისტანციური სწავლებით დახურა. სწავლების ამ სისტემას გარკვეული დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს, მაგალითად:
დადებითი:
* მოხერხებულობა და ხელმისაწვდომობა - ელექტრონული კურსების აღება შეგიძლიათ მაშინ, როდესაც ეს მოგესურვებათ, არ არის აუცილებელი სასწავლებლის საგაზაფხულო, საშემოდგომო ან რომელიმე სხვა სემესტრის ლოდინი. ელექტორნული სწავლებისას მუშაობა ნებისმიერი ადგილიდან შეგიძლიათ, თუ თქვენ კომპიუტერი და ინტერნეტი გაქვთ.
* მოქნილობა - არ არსებობს განსაზღვრული დრო ლექციებისთვის, თვითონ წყვეტთ, როდის გსურთ დავალებების შესრულება. თქვენ იცით, როდისთვის რა გაქვთ ჩასაბარებელი, ბევრი კურსი კი გრაფიკის შედგენას თვითონ გთავაზობთ.
* არჩევანი - ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე დისტანციური სწავლების შესაძლებლობების ბუმია, რის შედეგადაც ძალიან ბევრმა აკრედიტირებულმა და კარგი რეპუტაციის მქონე უნივერსიტეტმა დაიწყო ასეთი პროგრამების შედგენა.
* ღირებულება - ფასები, ძირითადად ბევრად ნაკლებია ელექტრონული კურსის არჩევის შემთხვევაში, ვიდრე ეს ტრადიციულ სასწავლებლებშია - თანაც რა თქმა უნდა, მცირდება კვების, საცხოვრებელი ადგილისა და მგზავრობის ხარჯები.
* მართვადი - სასწავლო გარემოს თვითონ იქმნით, თქვენ არჩევთ ადგილსა და სქემას.
* ზოგიერთი მოსწავლისთვის უკეთესია - მაგალითად ინტროვერტი ადამიანებისთვის, მათთვის ვისაც ენობრივი ბარიერი აქვს, ვისაც მასალის ასათვისებლად მეტი დრო და ძალისხმევა სჭირდება.
* სამსახური/კარიერა - რადგანაც დისტანციური სწავლება კიბერსამყაროშია და თქვენითვე რეგულირდება, არ არსებობს აუცილებლობა შეწყვიტოთ მუშაობა, ან აიღოთ აკადემიური და ამით გაიფუჭოთ საქმე ან სამსახურში ან სასწავლებელში.
უარყოფითი:
* ლექტორთან პირისპირ შეხვედრა - თუ თქვენ ყოველთვის მასწავლებელთან, ლექტორთან ურთიერთობა გირჩევნიათ და ყურადღება გჭირდებათ, სავარაუდოდ სწავლების ეს სისტემა თქვენთვის არ არის.
* აღქმა/რეპუტაცია - მიუხედავად იმისა, რომ ნელ-ნელა მეტი და მეტი ცნობილი უნივერსიტეტი ქმნის ელექტრონულ პროგრამას, მაინც არსებობს გარკვეული სტერეოტიპი ამ ტიპის სწავლების მიმართ.
* მოითხოვს ახალ უნარებსა და ტექნოლოგიებს - თუკი თქვენ არ გეხერხებათ კომპიუტერთან და ინტერნეტთან ურთიერთობა ან საერთოდ არ გიყვართ თანამედროვე ტექნოლოგიები, დისტანციური სწავლება თქვენთვის არ არის.
* არანაირი სოციალური ინტერაქცია - მიუხედავად იმისა, რომ თანაკურსელებთან ელექტრონული მეილის, ჩათებისა და ფორუმების მეშვეობით შეგიძლიათ და მოგიწევთ კიდეც კონტაქტი, მაგრამ ეს პირად ურთიერთობას მაინც ვერ შეცვლის.
* დროის გაყვანა - თუ თქვენ ადამიანების იმ ტიპს მიეკუთვნებით, რომელსაც ყოველთვის სჭირდება ბიძგი და გარემო, რომ სამუშაო დაამთავროს, ალბათ ძალიან გაგიჭირდებათ დისტანციური სწავლება.
* ნაკლები მხარდაჭერა - სტუდენტებისგან მოითხოვება სხვადასხვა რესურსის მოძიება დავალებების შესასრულებლად, რაც ზოგისთვის სასიამოვნო შესაძლებლობაა, ზოგისთვის კი დამთრგუნველი და შემაშფოთებელი.
* სტუდენტური ცხოვრება - ბევრისთვის სტუდენტობა მნიშვნელოვან და სახალისო პერიოდთან ასოცირდება, მოიცავს ახალი მეგობრებისა და ნაცნობების შეძენას, მათთან ერთად გართობას და ა.შ დისტანციური სწავლება კი სტუდენტურ ცხოვრებას საერთოდ არ მოიცავს.